კოპმეიენრსი:“ იუვენტუსში თამაში ჩემი ბავშვობის ოცნება იყო“
იუვენტუსის ნახევარმცველმა ტეუნ კოპმეინერსმა Tuttosport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„ტრავმა ? ეს საკმაოდ რთული პერიოდი იყო, რადგან თითოეული მოძრაობა, მათ შორის სუნთქვაც კი მტკივნეული იყო. ასე ყოფნა 2-3 კვირის განმავლობაში მომიწია, თუმცა ახლა ყველაფერი კარგად არის.
„მე ძილიც კი სავარძელში მიწევდა, რადგან ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ყოფნა ტკივილს უფრო ამძაფრებდა.
„ფიზიკური ფორმა ? მე 2-3 კვირის განმავლობაში ვერ ვვარჯიშობდი, ამიტომ ამ მხრივ საუკეთესო ფორმაში არ ვარ, თუმცა მენტალურად ყველაფერი კარგად არის და ფორმას ძალიან მალე დავიბრუნებ.
„რატომ იუვე და არა პრემიერ ლიგა ? ვიცოდი, რომ ჩემი ტრანსფერით ინგლისელებიც იყვნენ დაინტერესებულები, მაგრამ იუვენტუსის ინტერესის გაგების შემდეგ სხვა წინადადება არ განმიხილია. იუვენტუსი მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია, რომელსაც ბავშვობიდან ვქომაგობდი. კარგი გუნდები პრემიერ ლიგასაც ჰყავს, მაგრამ აქ ყველაფერი უკეთესია: მე ვიცი ჩემპიონატი, ეს ულამაზესი ქვეყანაა, კლიმატი კი შესანიშნავი.
„ტრანსფერის პროცესი ? ეს რთული ზაფხული იყო, რადგან მოლაპარაკებები გუნდებს შორის მარტივი არ გამოვიდა, მაგრამ ფეხბურთში ასეთი რაღაცეები ხდება. საუკეთესო მომენტი იყო საღამო, როდესაც მე და ჩემი მეგობარი გოგონა ბერგამოდან ტურინში ტაქსით ჩამოვედით. წინა დღეს მე დამირეკეს და მითხრეს, რომ ტრანსფერის დეტალები საბოლოოდ შეთანხმებული იყო. მე დიდი შვება ვიგრძენი.
„პირველი დღე იუვეს რიგებში ? ყველაფერი, რაც გუნდის თაობაზე მსმენია, მართალი იყო. აქ თითოეული დეტალი უმაღლეს დონეზეა: სერვისი, ინფრასტრუქტურა, ზრუნვა ხალხის მხრიდან, ეს ფანტასტიკურია. ამ მომენტისთვის მე ბავშვობიდან დაუღალავად ვმუშაობდი, მეგობარ გოგონას არაერთხელ ვუთხარი, რომ ჩემი საბოლოო მიზანი იუვენტუსში თამაში იყო და მე ამის გაკეთება შევძელი.
„ვლაჰოვიჩი ? ის დიდებული ფორვარდია, ვისაც ორივე ფეხით ძალიან კარგად თამაში შეუძლია. დუშანი ნამდვილი პროფესიონალია და ამას თითოეულ ვარჯიშზე ამტკიცებს.
„ილდისი ? მას წარმოუდგენელი ტალანტი აქვს, ის ჯერ 20 წლისაც არ არის და წინ დიდი კარიერა ელოდება. მისი ურთიერთობა ბურთთან და დრიბლინგი შესანიშნავია, მას აქვს ლიდერის თვისებები. იუვენტუსის 10-ნომრიანი მაისურის ტარება ამ ასაკში ყველასთვის არ არის.
„სხვაობა გასპერინისა და მოტას შორის ? გასპერინი აქცენტს მეტად ინტენსიობასა და მოედნის ნებისმიერ წერტილში ერთი-ერთზე თამაშზე აკეთებს, ამისთვის ვარჯიშებზე განსაკუთრებულ სავარჯიშოებს ვაკეთებდით.
„მოტას რაც შეეხება, ინტენსიობა აქაც გვაქვს, მაგრამ ვართ კომპაქტური გუნდი, რომელიც მეტოქეს არა ინდივიდუალურად, არამედ კოლექტიურად უპირისპირდება. იუვენტუსი ნიდერლანდების ნაკრებს მაგონებს: ბურთის ფლობა, პოზიცია, ინტენსიურობა და მომენტების შექმნა.
„როგორ შეიცვალა ჩემი პოზიცია ? ბერგამოში ჩვენ მხოლოდ ერთი შემტევით ვთამაშობდით, ამიტომ მე შეტევაში მეტი მოვალეობები მქონდა, ახლა კი მე მეტად ნახევარმცველი ვარ და ბურთის ამოტანაში გუნდის დახმარება მევალება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე გოლების გატანასა და საგოლე გადაცემების გაკეთებას არ ვაპირებ.
„ლიდერი ? დიახ, მე მინდა გავხდე გუნდის ლიდერი. გამარჯვებისთვის გუნდში საჭიროა ფეხბურთელები, რომლებიც გარკვეულ პასუხისმგებლობას იღებენ და ასეთ ახალგაზრდულ გუნდში მე ამისთვის საკმარისი გამოცდილება მაქვს.
„სკუდეტო ? ამ თემაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა. სერია ა ერთ-ერთი უძლიერესი ჩემპიონატია და აქ გამარჯვება მარტივი არ არის, ტიტულისთვის რამდენიმე გუნდი იბრძოლებს, თუმცა ჩვენი ისტორია ამბობს, რომ ეს ბრძოლა იუვენტუსის გარეშე წარმოუდგენელია.
„გოლი დერბიში ? იმედი მაქვს, მაგრამ ეს პრობლემა არ არის, მთავარი გუნდის წარმატებაა, გოლი კი ადრე თუ გვიან იქნება.“