ჯუნტოლი:“ ვლაჰოვიჩის კონტრაქტზე ვმუშაობთ, კიეზა და ალეგრი ?…“
იუვენტუსის დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ Corriere della Sera-სთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრა ? ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სახელფასო ჭერის შემცირება იყო და ამის გაკეთება შევძელით. აქამდე გუნდში ბევრი ფეხბურთელი იყო, ვინც 10 მილიონ ევროზე მეტს გამოიმუშავებდა, ახლა ასეთი მხოლოდ ერთია. ჩვენ ხელფასებისა და ამორტიზაციის შემცირებით დაახლოებით 30 მილიონი ევრო დავზოგეთ.
„სახელფასო ჭერის შემცირების გარდა, ჩვენ მოვახერხეთ გუნდის გაახალგაზრდავება და ამ კუთხით სერია ა-ში ერთ-ერთი საუკეთესოები ვართ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი ამბიციები მცირდება. იუვენტუსი არის გუნდი, რომელიც გამარჯვებისთვის არის შექმნილი. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ როგორც ფინანსური ბალანსი, ასევე კონკურენტუნარიანობა.
„როგორ ვარჩევ ფეხბურთელს სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ? ჩემთვის ფეხბურთელის დამოკიდებულება და მისი ემოციები ძალიან მნიშვნელოვანია. სტატისტიკა სრულ სურათს არ აჩვენებს, თუ ფეხბურთელი შენს გუნდში თამაშით მოტივირებული არ არის.
„ყველაზე რთული ტრანსფერი ჩემს კარიერაში ? ოსიმენი, მე მის გაფორმებაზე 4 თვის განმავლობაში ვმუშაობდი. მისი გალათასარაიში გადასვლა ? ვფიქრობ, ნაპოლის ვიქტორი აქამდე უნდა გაეყიდა, მაგრამ დე ლაურენტისი ჭკვიანია და იცის, რას აკეთებს.
„გვქონდა თუ არა გეგმა ბ, თუ ტიაგო მოტას ვერ გავიფორმებდით ? დიახ, არაიტალიელი მწვრთნელი, რომელიც მუშაობდა და კვლავ მუშაობს ევროპის ერთ-ერთ გუნდში.
„კალაფიორი ? ეს არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მთელი იტალიური ფეხბურთისთვის სამწუხარო ფაქტია. სერია ა-ს გუნდებს არ აქვთ საჭირო ფინანსური სიძლიერე, რომ მისი დონის ტალანტები შეინარჩუნონ.
„ურთიერთობა ალეგრისთან ? ბოდიში, ამ თემაზე საუბარი არ მსურს.
„კარგი თამაში თუ შედეგები ? კარგი გუნდი საჭირო ბალანსს უნდა პოულობდეს და კარგი თამაშით კარგ შედეგებს უნდა აღწევდეს.
„მოტა ? ის შესანიშნავი სპეციალისტია, ტიაგო აქ ყოფნით ძალიან ბედნიერია, ის ამ გამოწვევით ცხოვრობს და თავის ენთუზიაზმს მთელს გუნდს გადასცემს.
„ვლაჰოვიჩი ? ვლაჰოვიჩის დონის ტალანტი პრობლემა არასოდეს იქნება. ჩვენ მისი კონტრაქტის გახანგრძლივება გვსურს და ამ საკითხზე ვმუშაობთ.
„მაკკენი ? ჩვენ მის კონტრაქტთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემა გვქონდა, თუმცა ის გუნდის პროექტს მიღმა არასოდეს ყოფილა.
„კიეზა ? მინდა ფედერიკოს ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო. ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ კიეზა ჩვენს გეგმებში აღარ შედიოდა.
„სკუდეტო ? ვფიქრობ, ნაპოლი და ინტერი ფავორიტები არიან. ისინი ყველაზე გამოცდილები არიან და ისტორია გვეუბნება, რომ ეს ასპექტი ძალიან მნიშვნელოვანია. იუვენტუსს რაც შეეხება, ჩვენ ძალიან ბევრი ცვლილება განვახორციელეთ, დავიწყეთ სუფთა ფურცლიდან.“