ბონუჩი:“ ატალანტასთან მატჩის გამო იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ იუვემ მოტას დრო უნდა მისცეს“
იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა ლეონარდო ბონუჩიმ ატალანტასთან მატჩსა და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„ატალანტასთან მარცხის გამო გულგატეხილი და იმედგაცრუებული ვარ. გუნდს ეტყობოდა, რომ მატჩისთვის მზად არ იყო, ამის თქმა პირველივე წუთებიდან შეიძლებოდა. შეხვედრას შვილებთან ერთად ვუყურე და ისინი საბოლოო შედეგის გამო განადგურებულები იყვნენ. დღეს ჩვენთვის, იუვენტუსის ქომაგებისთვის რთული პერიოდია. ასეთ მატჩებში ენთუზიაზმი და ბრძოლის სურვილი უმნიშვნელოვანესია, მაგრამ პირველი გოლის შემდეგ გუნდმა ორგანიზებულობა დაკარგა, რაც ატალანტას მსგავს გუნდთან დაუშვებელია. ასეთი შეხვედრებიდან მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა უნდა ისწავლონ, გუნდს ყველა ასპექტში გაუმჯობესება სჭირდება.
„გუნდის მთავარი პრობლემა ? ინიციატივა. მოტას კარგი თამაშის სტილი აქვს, მაგრამ გუნდს ხშირად შანსების შექმნა უჭირს და ეს ატალანტასთან კიდევ ერთხელ ვნახეთ. ფეხბურთელებს გამოცდილება და ხასიათი აკლიათ, იუვენტუსი კი სულ სხვა სამყაროა და ძლიერი ხასიათის გარეშე თამაში რთულია.
„მოტას თავიდან ბოლონიაშიც გაუჭირდა, თუმცა შემდეგ ძალიან კარგ შედეგს მიაღწია. განსხვავება არის ის, რომ ბოლონიაში და იუვენტუსში სხვა მოლოდინები და მიზნებია, ტურინში მნიშვნელობა მხოლოდ გამარჯვებას აქვს.
„პროექტი ? როგორც იუვენტუსის ქომაგი, მე გუნდის შედეგებით კმაყოფილი ვერ ვიქნები, მაგრამ ისიც მესმის, რომ პროექტის განვითარებას დრო სჭირდება. თუ შენ შედეგის მიღება დაუყოვნებლივ გინდა, უნდა მოიყვანო კონტე, გაიფორმო შესაბამისი ფეხბურთელები და ტიტულებისთვის აუცილებლად იბრძოლებ, სხვა ნებისმიერ მწვრთნელს კი დრო სჭირდება. მოტას პროექტი ახლა არასტაბილურია, მაგრამ ვფიქრობ, იუვენტუსმა მას კიდევ ერთი სეზონი უნდა მისცეს. ვფიქრობ, გუნდს კარგი საძირკველი და დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ახალ ფეხბურთელებს ადაპტაციისთვის დრო სჭირდებათ. იუვენტუსის მაისურით თამაში მარტივი არ არის, მას დიდი წნეხი და პასუხისმგებლობა ახლავს თან.
„პოზიტივი ? გუნდი ძლიერ ფუნდამენტს ყრის. 1 წლის წინ კენან ილდისი ცოტა დროს იღებდა, ახლა კი მისი გაყიდვით 80-90 მილიონის მიღებაა შესაძლებელი. იმავეს თქმა შეიძლება ტურამის, დი გრეგორიოს, მბანგულას თაობაზე.
„იუვენტუსის ქომაგების მესმის, რადგან მეც მათ შორის ვარ და მინდა, რომ ჩემი გუნდი ყოველთვის ტიტულებისთვის იბრძოდეს, მაგრამ ახალი პროექტის განვითარებას დრო სჭირდება.“