TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ლუისი:“ იუვენტუსისთვის უარის თქმა შეუძლებელი იყო“

იუვენტუსის ახალწვეულმა დუგლას ლუისმა პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„პირველი შთაბეჭდილება ? ძალიან პოზიტიური, ეს დიდებული გუნდია, სადაც გამორჩეული ფეხბურთელები თამაშობენ და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან კარგი სეზონი გვექნება. ჩვენ ტიაგო მოტას იდეებთან ადაპტაციას ვაგრძელებთ და კმაყოფილი ვარ იმ მიდგომით, რაც გუნდს აქვს.

„იუვენტუსის დიდებული ისტორიითა და გუნდის ქომაგების სიყვარულითა და ვნებით სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ. ამ მაისურის ტარება საამაყო, თუმცა ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა.

„დანილო და ბრემერი ? მათი აქ ყოფნა მოლაპარაკებების დროს მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. ისინი ყოველდღე ‘Forza Juve-ს’ ძახილით მეგებობდნენ, ბევრს მიამბობდნენ გუნდსა და მის ტრადიციებზე.

„მოტა ? ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ჩვენ ერთმანეთს უკვე დიდი ხანია ვიცნობთ. ერთმანეთს ძალიან კარგად გავუგეთ და შესანიშნავი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა.

„საყვარელი პოზიცია ? მე ვითამაშებ იქ, სადაც გუნდს დავჭირდები, თუმცა მეტოქე გუნდის საჯარიმოსთან ახლოს ყოფნა მიყვარს.

„რას ნიშნავს იუვენტუსში თამაში ? ეს მარტივი არ არის, ამ მაისურს დიდი წონა აქვს, ამის გარდა კი გუნდმა ჩემს გასაფორმებლად მნიშვნელოვანი თანხა გადაიხადა, რაც ჩემს პასუხისმგებლობას კიდევ უფრო ზრდის. მინდა, უფრო ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის მაგალითი გავხდე და განვითარება გავაგრძელო.

„ტიტულები ? ტიტულები დაუღალავი შრომისა და ბრძოლის საბოლოო შედეგია. ჩვენ ძალიან ძლიერი და ახალგაზრდული გუნდი გვყავს, იუვენტუსი სავსეა როგორც გამორჩეული ტალანტებით, ასევე გამოცდილი ფეხბურთელებით და მჯერა, რომ ჩვენ ერთად მნიშვნელოვანი შედეგებისთვის ვიბრძოლებტ.

„ფავორიტი ფეხბურთელები იუვენტუსის ისტორიაში ? მე იუვეს თამაშებს ხშირად ვუყურებდი და ვიდეო თამაშებში გუნდს ხშირად ვირჩევდი. მახსოვს, ნედვედისა და ედგარ დავიდსის თამაშის ყურება ძალიან მსიამოვნებდა და ვამაყობ, რომ ახლა მეც იმავე მაისურის ტარება შემძლია.

„სხვა გუნდების ინტერესი ? შემოთავაზებები მრავლად მქონდა, მაგრამ როდესაც იუვენტუსის დონის გუნდი გეპატიჟება, უარის თქმა ძალიან რთულია. მომავალში ჩემი ოჯახისთვის იმის თქმა, რომ მე იუვენტუსის ფეხბურთელი ვიყავი, შესანიშნავი გრძნობა იქნება.

„რატომ 26 ? ედგარ დავიდსის საპატივცემულოდ, ის დიდებული ფეხბურთელი და გამორჩეული ფიგურა იყო, ასევე ამ არჩევანზე სხვა ფაქტორებმაც იმოქმედა.“