TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა:” სიტისთან მაქსიმალურად ხარისხიანი იუვენტუსი გვჭირდება”

კენან ილდისის შემდეგ (იხილეთ აქ), მანჩესტერ სიტისთან მატჩის წინ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებთან ტიაგო მოტამ ისაუბრა.

„მანჩესტერ სიტის დონის გუნდთან შეხვედრა ყოველთვის დიდი გამოწვევა და შესაძლებლობაა. ჩვენ მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ და გვინდა, მოედანზე ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენოთ.

„ასეთი ხარისხიანი მეტოქეების წინააღმდეგ ბურთის მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოყენება, მაღალი პრესინგის თამაში და ინტენსიობა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ამ ყველაფრისთვის მზად ვართ.

„სასტარტო შემადგენლობა ? მე ყველაფერი უნდა გავითვალისწინო, ფეხბურთელის ფიზიკური კონდიცია, თუ რა ფორმაშია ის. ხვალ მოედანზე ის 11 ფეხბურთელი გავა, ვინებიც ამ მომენტისთვის საუკეთესო ფორმაში არიან.

„იუვენტუსის ხასიათი ? ჩვენ ამ სეზონში გუნდის მებრძოლი ხასიათი არაერთხელ ვაჩვენეთ, თუმცა ვიცით, რომ ეს საკმარისი არ არის. ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს, ძალიან დიდი პოტენციალითა და განვითარების შესაძლებლობით.

„არის თუ არა სიტი კრიზისში ? მე ამ თემაზე ვერ ვისაუბრებ, მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სიტი ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, რომელმაც უამრავი ტიტული, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა და პრემიერ ლიგა მოიგო, ამიტომ რაიმე სახის კრიზისზე საუბარი უადგილოა.

„გუარდიოლა ? ის დიდებული მწვრთნელია, პეპმა კარიერაში ყველაფერი მოიგო და ამას უკვე ძალიან დიდი ხანია აკეთებს.

„ტრავმები ? მე ტრავმები თავის გასამართლებელ საბუთად არასოდეს გამომიყენებია და ამას არც მომავალში გავაკეთებ. ტრავმების მხრივ რთული მომენტები სეზონის მსვლელობისას ნებისმიერ გუნდს აქვს, ჩვენ ასეთ დროს კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ.

„მსგავსებები ვლაჰოვიჩსა და ჰოლანდს შორის ? ორი დიდებული ფორვარდი, რომლებიც ორ დიდებულ გუნდში თამაშობენ. მათი შედარება ჩემი საქმე არ არის და ამის არც შესაძლებლობა მაქვს, რადგან დუშანს ძალიან კარგად ვიცნობ, ჰოლანდზე კი იმავეს ვერ ვიტყვი. მე ვიცი ის, რომ დუშანის თამაშით, მონდომებით და მოტივაციით ძალიან კმაყოფილი ვარ, მან ასე უნდა გააგრძელოს.

„ლუისი ? ის კარგად არის, თუმცა დუგლასს ბევრი გაუცდა, ამიტომ ჩვენ მოვლენები არ უნდა დავაჩქაროთ.“