მოტა:“ ნაჩვენები შედეგების გამო ყველაზე მეტად იმედგაცრუებულები ჩვენ ვართ“
იუვენტუსის თავკაცმა ტიაგო მოტამ ატალანტასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.
„როგორ ფორმაში ვხვდებით ატალანტასთან მატჩს ? დერბის შემდეგ მენტალურად და ფიზიკურად ენერგიის აღდგენა ძალიან მნიშვნელოვნია. ჩვენ გაბრაზებულები ვართ, რადგან ტორინოსთან გამარჯვება ვერ შევძელით და გვსურს, ეს ბრაზი მომდევნო შეხვედრაში მოტივაციად გამოვიყენოთ.
„კოპმეინერსი ? ის სწორედ ის ადამიანი და პროფესიონალია, რომელსაც მე ველოდებოდი. ტეუნი ძალიან ბევრს შრომობს, ეხმარება გუნდს და თანაგუნდელებს და მოედანზე ხედავს იმას, რისი დანახვაც სხვებს უჭირთ. ეჭვგარეშეა, რომ ხვალინდელი მატჩი მისთვის გამორჩეული იქნება.
„ტრავმირებულები ? ხვალ მილიკი, კონსეისაუ, კაბალი და ბრემერი ვერ დაგვეხმარებიან, ვლაჰოვიჩის თაობაზე გადაწყვეტილებას კი დღეს მივიღებთ.
„გასპერინი ? ის დიდებული მწვრთნელია, მისი გუნდი ყოველთვის ძალიან კარგ, ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობს და შესანიშნავ შედეგებს აფიქსირებს.
„შეიძლება თუ არა კრიზისზე საუბარი ? შედეგების გამო ყველაზე გაბრაზებულები პირველ რიგში ჩვენ ვართ. ჩვენ ხშირად მეტოქეებს ვჯობნით, თუმცა ამის შედეგში ასახვას ვერ ვახერხებთ, თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ გუნდი სწორ გზაზე დგას.
„დუგლას ლუისი ? ის შესანიშნავი ფეხბურთელია და ლუისის ფორმაში ყოფნა ჩვენ ძალიან დაგვეხმარება. დუგლასი ჯერჯერობით საუკეთესო ფორმაში არ არის, თუმცა ის ნელ-ნელა ჩვეულ დონეს უბრუნდება, რაც გუნდის საერთო დონეს კიდევ უფრო ამაღლებს.
„ილდისი ? მას ორივე ფლანგზე ძალიან კარგად შეუძლია თამაში, კენანი წარმოუდგენლად სწრაფად ვითარდება, ის ძალიან მოტივირებულია და როგორც ვარჯიშებზე, ასევე უშუალოდ მატჩებში ყოველთვის ბოლომდე იხარჯება. ილდისს გაცილებით მეტი შეუძლია, ამიტომ მუშაობა უნდა გააგრძელოს.
„მბანგულა ? მე მისი თამაშითა და პროგრესით ძალიან კმაყოფილი ვარ. სიმართლე რომ გითხრათ, ეს ჩემთვის სასიამოვნო საჩუქარია. ის ძალიან ახალგაზრდაა, სამუელს უდიდესი პოტენციალი აქვს, თუმცა მას ბევრი მუშაობა მართებს, არ უნდა დაკმაყოფილდეს მიღწეულით და იყოს ამბიციური.“