მოტა:“ იუვენტუსმა საკმარისი დრო არ მომცა, კონფლიქტი ჯუნტოლისთან ?…“
იუვენტუსის ყოფილმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ Corriere della Sera-სთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„ჩემი იუვენტუსიდან წამოსვლა ? მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც ჩვენ გვინდოდა, განსაკუთრებით კოპა იტალიასა და ჩემპიონთა ლიგაზე, თუმცა მე არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ჩვენი პროექტი ბოლომდე ჩავარდა. ჩვენ საქმიანობის შეწყვეტა მოგვიწია მაშინ, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ზონამდე მხოლოდ 1 ქულა გვაშორებდა, ეს კი სეზონის სტარტიდან პრიორიტეტული მიზანი იყო.
„როდესაც მე ამ პროექტის ჩაბარება გადავწყვიტე, ჩვენ 3-წლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ და ვიცოდი, რომ მიზანი გუნდის სიღრმისეული რევოლუცია, გაახალგაზრდავება და ახალი სათამაშო სტილის დანერგვა იყო, თუმცა ისიც მესმის, რომ იუვენტუსის დონის გუნდში შენგან ყველა გამარჯვებას ელოდება.
„რას შევცვლიდი ? ბოლო 2 მატჩში ჩვენ ძალიან ცუდად ვითამაშეთ, მე არ ვარ ქედმაღალი და არ ვიტყვი, რომ სასტარტო შემადგენლობის მხრივ შეცდომები არ დავუშვი, მაგრამ იმის თქმა, რომ გასულ თვეებში არაფერი გაგვიკეთებია, სიმართლე არ არის.
„გუნდი ტრავმებით გაწამებული იყო, თუმცა ჩვენ მთავარ მიზანთან – ჩემპიონთა ლიგის საგზურთან ახლოს ვიყავით. ასეა თუ ისე, მე გუნდის გადაწყვეტილებას ვიღებ და იუვენტუსს მომავალში წარმატებას ვუსურვებ.
„ურთიერთობა ფეხბურთელებთან ? ყველა მატყუარაა, ვინც ამბობს, რომ ჩემსა და ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი იყო. ფეხბურთელებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, ისინი პირველივე დღიდან ბოლომდე იხარჯებოდნენ, რის გამოც მათ მადლობას ვუხდი.
„ვუთხარი თუ არა ილდისს, რომ ის მესი არ არის ? ეს მედიის მიერ მოგონილი კიდევ ერთი ტყუილია. ილდისი დიდებული ტალანტის მქონე ფეხბურთელია, ასეთ გამორჩეულ თინეიჯერს ბევრს ვერ ნახავ. ის არა მხოლოდ დიდებული ფეხბურთელი, არამედ შესანიშნავი ადამიანი და ნამდვილი ჩემპიონია.
„კოპმეინერსი ? ის გამორჩეული ფეხბურთელია, რომელიც თავს აუცილებლად წარმოაჩენს. ტეუნის მაღალი ფასის გამო, კოპმეინერსზე ძალიან დიდი წნეხია, მისგან დიდი მოლოდინებია და ეს ფეხბურთელზე მოქმედებს, თუმცა ის უმაღლესი დონის ფეხბურთელია.
„კონფლიქტი ჯუნტოლისთან ? ეს კიდევ ერთი სიცრუეა, მე და კრისტიანოს ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა, ჩვენ ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ.“