ოფიციალურად: კრისტიანო ჯუნტოლიმ იუვენტუსი დატოვა
იუვენტუსმა გუნდიდან კრისტიანო ჯუნტოლის წასვლა ოფიციალურად დაადასტურა.
იტალიელი სპეციალისტი ტურინულ გრანდს 2 წლის წინ შეუერთდა და საკმაოდ წარმატებული ფინანსური პოლიტიკა გაატარა, თუმცა ჯონ ელკანი გუნდის მიერ ნაჩვენები სპორტული შედეგებით უკმაყოფილო დარჩა და როგორც მისი, ასევე მისი გუნდის გაშვების გადაწყვეტილება მიიღო.
ჯუნტოლის დამსახურებით, იუვენტუსის წლიური ბალანსი გასული წლის ნეგატიური 199 მილიონიდან მიმდინარე ფინანსურ წელში სავარაუდოდ პოზიტიური ბალანსით დაიხურება, რაც უკვე დიდი ხანია არ მომხდარა, თუმცა არჩევანის შეჩერება ტიაგო მოტაზე, არაერთი წარუმატებელი ტრანსფერი და კატასტროფულთან მიახლოებული სპორტული შედეგები ჯუნტოლის ძვირად დაუჯდა.
იუვენტუსი ახალი მენეჯმენტის ჩამოყალიბებას უკვე შეუდგა. გუნდში საგრძნობლად გაიზრდება ჯორჯო კიელინის გავლენა, ბიანკონერის რიგებს ოფიციალურად შეუერთდა დამიენ კომოლი, მუშაობა გრძელდება გუნდში მატეო ტონიოცის დაბრუნებაზე.

 
                 
                 
                