ტუდორი:“ იუვენტუსი არის სურვილი, რომ მოედანზე ყოველთვის მაქსიმუმი დადო“
კრისტიანო ჯუნტოლის შემდეგ (იხილეთ აქ), იგორ ტუდორის პრეზენტაციის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე კითხვებს თავად ხორვატმა სპეციალისტმა უპასუხა.
„მინდა პირველ რიგში ნაცნობ სახეებს მივესალმო, შემდეგ კი ადამიანებს, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს, დიდი მადლობა ვუთხრა. აქ ყოფნის გამო ძალიან ამაყი ვარ და მუშაობის დაწყებას მოუთმენლად ველოდები.
„ვიცით, რომ ბევრი დრო არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ ჩვენი მიზანი კარგად გვაქვს გაცნობიერებული და ამ მიზანს უნდა მივაღწიოთ, ყოველგვარი ალიბის გარეშე.
„ვლაჰოვიჩი ? ის დიდებული ფეხბურთელია და მე ეს უკვე ბევრჯერ გავიმეორე. მას აქვს ხარისხი და მახასიათებლები, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყოს. დუშანს რთული პერიოდი ჰქონდა, ჩვენ ამ თემაზე უკვე ვისაუბრეთ, ის ძალიან მოტივირებულია. მას და კოლოს ერთად თამაში და მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შეუძლიათ.
„ფეხბურთელების განწყობა ? მომხდარის გამო ყველა იმედგაცრუებულია, რადგან როდესაც გუნდი მწვრთნელს უშვებს, ეს გარკვეულწილად ფეხბურთელების ბრალიც არის, მაგრამ ამავდროულად ისინი ძალიან მოტივირებულები არიან და სეზონის განახლებას მოუთმენლად ელოდებიან.
„ილდისი და კოპმეინერსი ? ხარისხიანი ფეხბურთელებისთვის პოზიციის პოვნა ძალიან მარტივია. ორივე მათგანი უმაღლესი დონის ფეხბურთელია, მათი მსგავსი მახასიათებლებით ბევრი ვერ დაიკვეხნის. მჯერა, ორივე მათგანისგან მაქსიმუმის მიღებას შევძლებ.
„4-თვიანი კონტრაქტი ? ჩემი სამწვრთნელო 15-წლიანი კარიერის განმავლობაში მე არჩევანს ყოველთვის გულის კარნახით ვაკეთებდი და გამონაკლისი არც ეს ნაბიჯი იყო. ახლა არ აქვს მნიშვნელობა, მაკავშირებს გუნდთან 4-თვიანი, თუ 10-წლიანი კონტრაქტი, ეს არაფერს ცვლის, მე ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯები და ჩემს საქმეს გავაკეთებ, მომავალში რა მოხდება კი ამას ვერ გავაკონტროლებ.
„პირველი საუბარი გუნდთან ? ბევრ მათგანს გუშინ პირველად შევხვდი, ამიტომ ჯერ ერთმანეთი კარგად ვერ გავიცანით. ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ იუვენტუსში ასაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ შენ იუვენტუსის მაისური გაცვია, შენი მიზანი გამარჯვებაა და ყველა ამას მოელის.
„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ იუვენტუსი არის გუნდი, რომელიც სწორ გადაწყვეტილებებს იღებს, ირჩევს სწორ ადამიანებს, ეს ყველაფერი კი გუნდში არსებული მუშაობის კულტურითა და ჩემპიონებთან ერთად ვარჯიშით იხვეწება. მე ეს კარგად მახსოვს, იუვენტუსი არის სურვილი, ყოველთვის მაქსიმუმი გააკეთო, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ სიტუაციაში.
„თითოეულმა ჩვენგანმა პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და ერთი მიმართულებით ვიაროთ. უნდა ავაშენოთ მენტალიტეტი, რომელიც იუვენტუსს ეკადრება.
„კაპიტანი ? კაპიტანი მანუელ ლოკატელი იქნება, ვიცე-კაპიტნების თაობაზე კი გადაწყვეტილებას მომდევნო დღეებში მივიღებთ. მანუ კარგი ბიჭია და ამ როლს შეესაბამება.
„ქომაგები ? ქომაგები ყოველთვის უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ და ვიცი, რომ მომდევნო მატჩში ისინი ჩვენს გვერდით იქნებიან. ისინი იუვენტუსის მიმართ სიყვარულს ყოველთვის ნათლად გამოხატავდნენ და ჩვენ მოედანზე უნდა დავამტკიცოთ, რომ მათი გვერდში დგომის ღირსები ვართ.
„ტურამი ? მე ლილიანს გუშინ ვესაუბრე და მან მითხრა, რომ თუ ხეფრენი გამაბრაზებს, წამორტყმის უფლება მაქვს (იცინის, ავტ.).
„3-მცველიანი თუ 4-მცველიანი სქემა ? ეს მოედანზე სხვაობას არ ქმნის, მოედანზე სხვაობას გუნდური სულისკვეთება, მოტივაცია და გამარჯვების სურვილი ქმნის, რაც იუვენტუსის თითოეულ ფეხბურთელს მოეთხოვება.
„მე იუვენტუსში საუკეთესო მწვრთნელებისგან: ლიპისგან, ანჩელოტისგან და კაპელოსგან ბევრი რამ ვისწავლე, ეს ჩემთვის სიცოცხლის სკოლა იყო, ამ გუნდმა გამხადა ის, ვინც მე ახლა ვარ და იმედი მაქვს, გუნდის დახმარებას შევძლებ.
„იუვენტუსის პრობლემები მიმდინარე სეზონში ? მე არ ვაპირებ იმ თემაზე საუბარს, თუ რა აკლდა გუნდს გასულ მატჩებში, ჩვენ სიტუაცია კარგად გავაანალიზეთ და პრობლემების მოგვარება უკვე დავიწყეთ.“