TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კასანო:“ იუვენტუსი სეზონს ოთხეულს მიღმა დაასრულებს“

ანტონიო კასანომ Viva El Futbol-თან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა და მათ შორის იუვენტუსსაც შეეხო.

„ვფიქრობ, იუვენტუსის მიერ არჩეული გზა სწორი არ არის. გუნდში მოთამაშე ფეხბურთელების უმეტესობა იუვენტუსის დონეს ვერ აკმაყოფილებს. მე მოტასგან დაუყოვნებლივ საუკეთესო თამაშსა და შედეგებს არ ველოდებოდი, თუმცა ამ დროში ჩვენ გარკვეული იდეები უნდა დაგვენახა, რაც ჯერჯერობით არ ჩანს.

„კონტემ ნაპოლიში 1 დღეში შექმნა ის, რასაც სხვები 6 თვეს ანდომებენ, ბარონის ლაციო ძალიან კარგად გამოიყურება, ტიაგო მოტას იუვენტუსზე კი იმავეს ვერ იტყვი. თქვენ იტყვით, რომ ეს ჯერ დასაწყისია, მაგრამ მე პროექტს ვერ ვხედავ, იუვენტუსის ფეხბურთელების უმეტესობას კი არ შეუძლია იმ ფეხბურთის თამაში, რომელსაც მოტა ითხოვს. მე სეზონის სტარტზე ვამბობდი, რომ მილანი და იუვე სეზონს ოთხეულს მიღმა დაასრულებდნენ და ამ მომენტისთვის ჩემი პროგნოზი მართლდება.

„4 წლის წინ იუვენტუსმა თამაშის იდეების მხრივ მაურიციო სარის სახით ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი მიიყვანა, თუმცა მას თავისი იდეების განხორციელება არ დააცადეს. ვშიშობ, მოტამაც იმავე სტილში არ დაასრულოს. იუვენტუსი ლიდერებს უკვე 7 ქულით ჩამორჩება, რაც ძალიან ბევრია.

„ვლაჰოვიჩი ? ის ქაოტურია, ეშინია ბურთთან ურთიერთობა და მასთან ერთად მოძრაობა უჭირს. დუშანი საჯარიმოში ცუდი არ არის, მაგრამ ის დიდი გუნდის კალიბრის ფეხბურთელი არ გახლავთ. იუვენტუსმა მის სანაცვლოდ ზედმეტად ბევრი გადაიხადა, მე ვლაჰოვიჩს რეტეგისა და კასტელანოსს ვამჯობინებ.“