TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დელ პიერო:“ იუვენტუსში დარჩენა არასოდეს მინანია. იმედი მაქვს, ერთ დღეს გუნდში დავბრუნდები“

იუვენტუსის ლეგენდარმ ალექს დელ პიერომ CBS-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ვნანობ თუ არა რამეს კარიერაში ? ერთადერთი სინანული ევროპის ჩემპიონატის წაგებაა. მე ინდივიდუალურ მიღწევებს ყოველთვის ვაფასებდი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველთვის ტიტულები და გამარჯვება იყო.

„მეტსახელი ‘პინტურიკიო’ ? ეს მეტსახელი გუნდის ყოფილმა პრეზიდენტმა მოიფიქრა, ის ბაჯოს ‘რაფაელოს’ ეძახდა.

„ურთიერთობა ბაჯოსთან ? მე მასთან თამაში 2 წელი მომიწია, მეორე სეზონში მასსა და იუვენტუსს შორის გარკვეული უთანხმოება იყო, რის გამოც რობერტომ გუნდი დატოვა. მე მისგან და სხვა თანაგუნდელებისგან ბევრი რამ ვისწავლე, რადგან მათ ყოველთვის ყურადღებით ვუსმენდი.

„ყველაზე რთული მომენტი იუვეში ? პირველი წელი ყველაზე რთული გამოდგა. ეს ტრაპატონის ბოლო სეზონი იყო, ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელის. ჩვენ ტიტულისთვის ბრძოლა ვერ შევძელით, უეფას თასზე კი მეოთხედფინალში კალიარისთან გამოვეთიშეთ ბრძოლას, სეზონის ბოლოს კი ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის მენეჯმენტი და მწვრთნელი.

„იუვეში დარჩენა სერია ბ-ში ? მე გუნდის დატოვება შემეძლო, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ხელფასი შემიმცირდა და იყო იმის საშიშროება, რომ ჩვენ მესამე დივიზიაში დავქვეითდებოდით, მე გუნდის მფლობელებს ვუთხარი, რომ იუვენტუსის დატოვებას არ ვაპირებდი. ჩვენ იქამდე უამრავი ტიტული მოვიგეთ და გვინდოდა იუვენტუსი დაგვებრუნებინა იქ, სადაც მისი ადგილია. მე იუვენტუსში დარჩენა არასოდეს მინანია, დარჩენის სურვილის გარდა, მე გუნდისთვის უნდა გადამეხადა იმ ყველაფრისთვის, რაც შავ-თეთრმა სამყარომ მომცა, ეს იყო შანსი, ჩემი ერთგულება საკუთარი თავისთვის, გუნდისთვის და ქომაგებისთვის დამემტკიცებინა. ჯერჯერობით ჩემთვის ძეგლი არ დაუდგამთ, მაგრამ იუვენტუსის სტადიონზე რამდენიმე ჩემი სურათი არის (იცინის).

„მწვრთნელობა ? მე ლიცენზია ავიღე, მაგრამ ამ მომენტისთვის პროფესიონალური კარიერის დაწყებას არ ვგეგმავ.

„იუვეში დაბრუნება ? ეს ჩვენი ისტორიის დიდებული გაგრძელება იქნებოდა. ჩემსა და იუვეს შორის უნიკალური ურთერთობაა, იყო გუნდის ლეგენდა, ითამაშო სერია ბ-ში, დაბრუნდე მწვერვალზე და კვლავ გაიმარჯვო. 19 წელი ძალიან დიდი დროა.

„მინდა, ჩემი გუნდში დაბრუნება ბუნებრივი პროცესი იყოს, მაგრამ თუ ეს არ მოხდება, ჩემს დამოკიდებულებას გუნდსა და ქომაგების მიმართ ვერაფერი შეცვლის.“