ტარე:“ იუვეს იტალიაში საუკეთესო პროექტი აქვს, ბიანკონერი მილინკოვიჩ-სავიჩის გაფორმებას ცდილობდა“
ლაციოს ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა იგლი ტარემ ჟურნალისტებთან საინტერესო თემებზე ისაუბრა და მათ შორის იუვენტუსის საკითხსაც შეეხო.
„სერია ა ? ამ სეზონში ძალიან კარგი, დაბალანსებული და საინტერესო ჩემპიონატია. ინტერი ყველაზე სრულყოფილი გუნდია, კონტეს ნაპოლი, ატალანტა, ლაციო და ფიორენტინა შესანიშნავად გამოიყურებიან, არ შეიძლება იუვენტუსის და მილანის ჩამოწერა, მათ ახალი პროექტი აქვთ, ამიტომ გარკვეული დრო სჭირდებათ, თუმცა ისინი აუცილებლად იბრძოლებენ.
„იუვენტუსი ? მე მოტას პროექტი და მისი მუშაობის სტილი ძალიან მომწონს, კრისტიანო ჯუნტოლი კი გამორჩეული დირექტორია, ვინც თავისი საქმე ძალიან კარგად იცის. იუვენტუსი გზის დასაწყისშია, თუმცა ვფიქრობ, მათ პესპექტივაში იტალიაში საუკეთესო პროექტი აქვთ, ბიანკონერი როგორც სერია ა-ში, ასევე ევროპულ დონეზე წარმატებული იქნება.
„რა დრო დასჭირდება იუვეს სკუდეტოს მოსაპოვებლად ? ეს არა დროზე, არამედ მწვრთნელის იდეების მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელებაზეა დამოკიდებული. თუ გუნდი მოტას იდეებთან ადაპტაციას მოკლე დროში გაივლის, მათ ტიტულისთვის ბრძოლა შეუძლიათ.
„ვის გამოვარჩევდი იუვეს შემადგენლობიდან ? მე ტურამის დიდი ქომაგი ვარ, მას აქვს ყველაფერი, რომ თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს. ასევე კონსეისაუ, მან თავისი შესაძლებლობები უკვე დაამტკიცა. აღნიშვნის ღირსია სავონაც, მისი მოტივაცია აშკარაა და მას დიდი პოტენციალი აქვს.
„მილინკოვიჩ-სავიჩის ისტორია ? შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ იუვე მილინკოვიჩ-სავიჩის და კეიტას ტრანსფერებზე აქტიურად მუშაობდა, თუმცა მოლაპარაკებები პოზიტიურად ვერ დასრულდა.“
