TuttoJuve

Juve per sempre sarà

სპალეტი:” ჩემი მომავალი იუვენტუსში ? მე ჯერ ეს არ დამიმსახურებია”

ხეფრენ ტურამის შემდეგ (იხილეთ აქ), ბენფიკასთან მატჩამდე გამართულ პრეს-კონფერენციაზე ლუჩიანო სპალეტიმ ისაუბრა.

„როდესაც ბენფიკას მსგავს გუნდთან თამაშობ, ეს მხოლოდ გუნდი არ არის, ეს ისტორიის ნაწილია, იდენტობა. პორტუგალიურ გუნდებს გამორჩეული თამაშის სტილი და რითმი აქვთ, თუ შენ ამ ინტენსიობისთვის მზად არ ხარ, ძალიან გაგიჭირდება. ჩვენ გვაქვს ყველაფერი, რომ მეტოქეს სირთულეები შევუქმნათ, მე ჩემი ფეხბურთელებისგან კარგ თამაშსა და თავიანთი ხარისხის წარმოჩენას ველოდები.

„მოურინიო ? იყო პერიოდი, როდესაც ჩვენ გარკვეული სიტყვიერი დაპირისპირება გვქონდა, მაგრამ ამ ასპექტში ჟოზეს ვერავინ აჯობებს. ჩვენ ერთმანეთის მიმართ დიდი პატივისცემა გვაკავშირებს, ჩვენ რამდენჯერმე სატელეფონო საუბარიც გვქონდა. ჩემთვის მასთან შეხვედრა და მისი გუნდის წინააღმდეგ თამაში სასიამოვნო იქნება.

„როდესაც მოურინიოს გუნდს უპირისპირდები, მათგან ყოველთვის რაღაც გამორჩეულის მოლოდინში ხარ. როგორც ტურამმა აღნიშნა, წინ ძალიან რთული შეხვედრა გველოდება, ორივე გუნდი პლეი-ოფისთვის იბრძვის, ამიტომ თითოეულ ქულას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ძალიან ინტენსიური, დაძაბული და კარგი შეხვედრა იქნება.

„სატრანსფერო ფანჯარა ? ამ თემაზე კითხვები კომოლისა და ოტოლინის უნდა დაუსვათ. მე მათთან ყოველდღიური საუბარი მაქვს. მე ეს იუვენტუსი ჩავიბარე და არანაირი ზედმეტი მოთხოვნები არ მაქვს.

„სწორი მიდგომის შენარჩუნება ? ჩვენი უპირველესი ამოცანა სტაბილურობის შენარჩუნებაა. თითოეულ ფეხბურთელს განსხვავებული მახასიათებლები აქვს, ჩვენი ამოცანა ამ მახასიათებლების გუნდის სასარგებლოდ გამოყენებაა და ვფიქრობ, ამ ამოცანას ძალიან კარგად ვართმევთ თავს. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ კარგი თამაში, მაგრამ მხოლოდ კარგი თამაში საკმარისი არ არის, ჩვენ კარგი თამაშით სასურველი შედეგი უნდა მოვიპოვოთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.

„ტაქტიკური დაპირისპირება ბენფიკასთან ? ბენფიკა შესანიშნავი გუნდია, მაგრამ ჩვენ გვყავს შემადგენლობა, რომელსაც ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია ბრძოლა.

„კიელინის სიტყვები, რომ მე იუვეში დიდი ხანი დავრჩები ? ვფიქრობ, ამ მომენტისთვის არც მე, არც იუვენტუსი ამ გადაწყვეტილებისთვის მზად არ ვართ. მე ჯერ იუვენტუსში დარჩენა არ დამიმსახურებია. ყველამ კარგად ვიცით, რომ ადამიანები აზრს ძალიან მარტივად იცვლიან, იუვენტუსს ისტორიაში გამორჩეული მწვრთნელები ჰყავდა და ანალოგიური დონის სპეციალისტების პოვნა არც მომავალში გაუჭირდება. ჩვენ გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მივიღებთ, ამას ერთი გამარჯვება ან მარცხი ვერ შეცვლის.”

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !