TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა:“ იუვენტუსში ყოფნა უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ ტურინული გრანდის ჩაბარების შემდეგ პირველი პრეს-კონფერენცია გამართა.

კრისტიანო ჯუნტოლის სიტყვები იხილეთ აქ.

„პირველი დღეები იუვენტუსში ? მე ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ, იუვენტუსი უდიდესი ისტორიისა და ამბიციების მქონე გუნდია. მჯერა, რომ ჩვენ დღეს ძალიან მნიშვნელოვან ციკლს ვიწყებთ. მე აქ დამხვდა დიდებული გარემო და შესანიშნავი ადამიანები, რომლებიც თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან.

„მადლობა ქომაგებს, ისინი ჩვენ ძალიან თბილად დაგვხვდნენ და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„როგორი იუვენტუსის ხილვა მსურს ? მე თითოეული მატჩის შემდეგ ამაყი და ბედნიერი იუვენტუსის ნახვა მინდა, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ჩვენ მოედანზე მაქსიმუმი დავდეთ და სასურველი შედეგის მოპოვება შევძელით.

„გუნდის მიზნები ? იუვენტუსი ამბიციური და ისტორიული გუნდია, ჩვენ ერთად ახალ ციკლს ვიწყებთ, ახლა ჩვენი მთავარი მიზანი სეზონისთვის მაქსიმალურად კარგად მომზადებაა. ჩვენ ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ მზად უნდა ვიყოთ, სეზონის საბოლოო შედეგებზე ფიქრი კი ახლა ძალიან ადრეა.

„გამოწვევები იუვენტუსის მთავარი მწვრთნელის ამპლუაში ? იუვენტუსი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გუნდია, სადაც გამარჯვება არის ერთადერთი მიზანი, რასაც მნიშვნელობა აქვს. მე ეს კარგად მესმის და ამ გამოწვევებისთვის მზად ვარ. ჩემი მიზანი თითოეულ მატჩში გამარჯვებისთვის ბრძოლა და ამბიციური მიზნებისკენ სვლაა. ასეთი დიდი გუნდის გაწვრთნა დიდი პასუხისმგებლობა და პრივილეგიაა, რომელიც მე დიდი სიამოვნებით მივიღე.

„ვლაჰოვიჩი ? დუშანი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ფეხბურთი გუნდური სპორტია და ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოსავლენად გუნდის დახმარება აუცილებელია.

„კიეზა ? იუვენტუსი დიდებული გუნდია, სადაც მხოლოდ გამორჩეული ფეხბურთელები თამაშობენ და გამონაკლისი არც ფედერიკო გახლავთ.

„გუნდის კაპიტანი ? იუვენტუსს დანილოს სახით დიდებული კაპიტანი ჰყავს. ჩვენ ამ თემაზე მას შემდეგ ვისაუბრებთ, რაც ყველა ფეხბურთელი დაგვიბრუნდება, მაგრამ ამ მომენტისთვის გუნდის კაპიტანი დანილოა და ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ.

„ილდისი ? მე მას 2 დღის წინ შევხვდი და კენანმა ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მას მოედანზე ბევრ პოზიციაზე შეუძლია თამაში, არის უნიჭიერესი და აქვს განვითარების სურვილი, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

„სულე ? დღეისთვის ის გუნდის ნაწილია და სხვების მსგავსად ძალიან კარგად ვარჯიშობს.

„რაბიო ? მე მას დიდი ხანია ვიცნობ და როგორც მეგობარი, ადრიენს მომავალში წარმატებებს ვუსურვებ.

„მაქვს თუ არა პრიორიტეტული ტურნირი ? არა, ჩვენ თითოეულ ტურნირზე და თითოეული მეტოქის წინააღმდეგ მოედანზე გამარჯვებისთვის გავალთ.

„მირეტი ? ის ძალიან ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელია. შემიძლია გითხრათ, რომ მას დიდი პოტენციალი აქვს. გუშინ მან არა მხოლოდ ახალი კონტრაქტი გააფორმა, არამედ ხელი მოაწერა პასუხისმგებლობას, რასაც იუვენტუსის ფეხბურთელობა ჰქვია.

„დუგლას ლუისი ? ჩვენ მისი გაფორმებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. მან თავისი ხარისხი გასულ სეზონშიც დაამტკიცა, ლუისი სრულყოფილი ფეხბურთელია, რომელიც ჩემს ხედვას იდეალურად მოერგება. მას შეუძლია გუნდის დახმარება როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„არის თუ არა განხორციელებული ტრანსფერები საკმარისი ინტერთან სხვაობის შესამცირებლად ? წარსული წარსულია, სეზონს ყველა თანაბარ სიტუაციაში ვიწყებთ და ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ თითოეულ ჩემპიონატზე თამაშისა და გამარჯვებისთვის ბრძოლის პოტენციალი გვაქვს.

„აჯიჩი ? მან ვარჯიშებზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ის ტექნიკურად ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, მენტალურად კი იუვენტუსისთვის მზად არის, ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული.“