მოტა:“ თითოეულმა ჩვენგანმა იუვენტუსის მაისურს პატივი უნდა ვცეთ…“
იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ ვერონასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
„გასული დღეები საკმაოდ რთული იყო, მარცხის მიღება და მუშაობის გაგრძელება მარტივი არ არის, თუმცა ეს ჩვენი საქმეა და ხვალ ვერონას მაქსიმალური კონცენტრაციით უნდა შევხვდეთ. ჩვენ გვაქვს ენერგია და სურვილი იმისა, რომ სიტუაცია გამოვასწოროთ და ხვალ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვოთ.
„ჩამორჩენის შემცირება ინტერთან ? ჩვენი მიზანი თითოეულ მატჩში გამარჯვებაა, ამიტომ ამ მხრივ ხვალინდელ შეხვედრაში არაფერი იცვლებ. წინ 12 შეხვედრაა დარჩენილი და თითოეულ მათგანში ჩვენ ჩვენი მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ.
„ფეხბურთელების ხასიათი ? თითოეული ჩვენგანი ძალიან იმედგაცრუებულია. მე მატჩის შემდეგ ძალიან გაბრაზებული ვიყავი, რადგან ჩემი ფეხბურთელები ძალიან მიყვარს, მათ კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ გაცილებით მეტი შეუძლიათ. შეცდომისგან დაზღვეული არავინ არის, თუმცა მატჩისადმი გულგრილი მიდგომა მიუღებელია. ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრეთ და მომდევნო 12 მატჩისთვის მზად ვართ.
„ვგრძნობ თუ არა გუნდისა და ფეხბურთელების ნდობას ? დიახ.
„ურთერთობა გუნდთან ? ჩვენ ძალიან კარგი, ღია ურთიერთობა გვაქვს და ერთმანეთთან ნებისმიერ საკითხზე გულახდილად ვსაუბრობთ. ჩვენ ერთმანეთს პატივს ვცემთ და ვიცით, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ხვალინდელი მატჩია.
„კოპმეინერსი ? მე ძალიან მიხარია, რომ ტეუნი ჩვენი გუნდის წევრია, ის შესანიშნავი, უმღლესი დონის ფეხბურთელია. რა თქმა უნდა, მას ემპოლისთან კარგი შეხვედრა არ ჰქონია, თუმცა იმავეს თქმა სხვებზეც შეიძლება. მე მისი ხარისხის თაობაზე არანაირი ეჭვი არ გამაჩნია, ის გუნდისთვის ყოველთვის ბოლომდე იხარჯება და ამას მომავალშიც გააკეთებს. არის თუ არა ეს მისი მაქსიმუმი ? არა, ეს მან თავადაც იცის.
„რას ნიშნავს იუვენტუსის მაისური ? იუვენტუსის რიგებში ყოფნა თითოეულ ჩვენგანს გვავლდებულებს, რომ ყოველთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ, რაც სამწუხაროდ ემპოლისთან მატჩში არ გავაკეთეთ და ამის გამო ძალიან გავბრაზდი. როგორც უკვე ვთქვი, მე ჩემი ბიჭები ძალიან მიყვარს, ისინი ყოველთვის მაქსიმალური კონცენტრაციითა და მონდომებით ვარჯიშობენ და გასულ მატჩში მათი დამოკიდებულება ჩემთვის გასაკვირი იყო.
„კალულუ ? მან ტრავმა მოიშუშა და გუნდის დასახმარებლად მზად არის. პიერი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მისი დაბრუნება ძალიან მახარებს. ხვალ კაბალი, ბრემერი, სავონა, ვეიგა, მილიკი, კონსეისაუ და დუგლასი ვერ ითამაშებენ.“