მარკიზიო:“ იუვენტუსში მნიშვნელობა მხოლოდ გამარჯვებას აქვს და ნებისმიერი ალიბი მიუღებელია“
იუვენტუსის ლეგენდამ კლაუდიო მარკიზიომ საინტერესო თემებზე ისაუბრა და მათ შორის ტურინული გრანდის პრობლემებს შეეხო.
„ილდისი იუვენტუსის კაპიტანი ? ბერნაბეუზე იუვენტუსის 10 ნომრითა და გუნდის კაპიტანის სამკლაურით თამაში ნებისმიერი ადამიანისთვის რთული იქნებოდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შენ ასეთი ახალგაზრდა ხარ, მაგრამ ილდისი ძალიან შრომისმოყვარე და ჭკვიანი ბიჭია, ის ამ წნეხისთვის მზად არის.
„იუვენტუსის პრობლემები ნახევარდაცვაში ? ფეხბურთის თაობაზე ჩვენ ყველას ჩვენი ხედვა გვაქვს. ვფიქრობ, რომ გუნდი 3 ნახევარმცველიან სქემაში უფრო კარგად გამოიყურება, თუმცა საბოლოო ჯამში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, თუ რამდენად ხარისხიანი და მენტალურად ძლიერი ფეხბურთელები გყავს როგორც ნახევარდაცვაში, ასევე სხვა პოზიციებზე.
„კოპმეინერსი ? ტეუნი ხარისხიანი ფეხბურთელია, თუმცა მას თითქმის ყველა მატჩში ახალ პოზიციაზე უწევს თამაში, რაც ფეხბურთელისთვის რთულია. იმედი მაქვს, ტუდორი სწორ ფორმაციასა და იდენტობას იპოვნის და ფეხბურთელები თავიანთ კომფორტულ პოზიციებზე ითამაშებენ.
„ტეუნის ცუდი პერიოდი ? ასეთი პერიოდი ფეხბურთელის კარიერის განუყოფელი ნაწილია. როგორც უკვე ვთქვი, ტეუნს აქვს ხარისხი და მახასიათებლები, რომლებიც გუნდს აუცილებლად გამოადგება. ტეუნმა გასულ თვეებში ითამაშა ჩამშლელი ნახევარმცველის, მარჯვენა ვინგერის, შემტევი ნახევარმცველის და გარკვეულ მომენტებში ფორვარდის პოზიციაზეც კი. ვფიქრობ, ტეუნს უნდა სტაბილურობა და ის ძველ დონეს დაუბრუნდება.
„ლიდერები ? ვფიქრობ, იუვენტუსს ლიდერები აკლია არა მხოლოდ მინდორზე, არამედ მის მიღმა და ეს ბოლო წლებში დიდ პრობლემად იქცა. ფეხბურთელები გუნდის პირამიდის ქვედა ეშელონია, მათ გუნდის სათავეში მყარი სტრუქტურა სჭირდებათ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფეხბურთელები თავიანთ პასუხისმგებლობას უნდა გაურბოდნენ, მაგრამ ეს პასუხისმგებლობა მთლიან ორგანიზაციაზე უნდა ნაწილდებოდეს და არა მხოლოდ ფეხბურთელებსა და მწვრთნელზე.
„არის თუ არა ტუდორი სწორი არჩევანი ? მე როგორც ქომაგს ამის იმედი მაქვს, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის იუვენტუსის ყოფილი ფეხბურთელი იყო და გუნდს კარგად იცნობს, არამედ იმიტომ, რომ მწვრთნელს ქომაგებისა და გუნდის ხელმძღვანელობის ნდობა სჭირდება, სხვაგვარად მოედანზე კარგი თამაშისა და შედეგების ნახვა რთული იქნება.
„იუვენტუსის მაქსიმუმი ? იუვენტუსში მნიშვნელობა მხოლოდ ერთ რამეს აქვს და ეს გამარჯვებაა. გუნდში რთული მომენტები სრულიად ნორმალურია, მაგრამ ამას ალიბად ვერავინ გამოიყენებს. იმედი მაქვს, რომ მომდევნო მატჩიდან ჩვენ სხვა იუვენტუსს ვიხილავთ, რადგან 7-მატჩიანი სერია მოგების გარეშე მიუღებელია.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
