კომოლი:“ მწვრთნელის ცვლილება აუცილებელი იყო, სპალეტი პოტენციურად გუნდის პროექტს ხანგრძლივად ჩაიბარებს“
იუვენტუსის დირექტორმა დამიენ კომოლიმ ლუჩიანო სპალეტის პრეზენტაციის შემდეგ პრეს-კონფერენციაზე კომენტარი გააკეთა.
სპალეტის პრეს-კონფერენციას შემოგთავაზებთ უახლოეს წუთებში.
„ბოდიში, ჩემი იტალიური ჯერჯერობით არც თუ ისე კარგია. მინდა აქ დამსწრე ჟურნალისტებს მოგესალმოთ, ჩვენ ლუჩიანოს გუნდში მოსვლის გამო ძალიან მოხარულები ვართ, რასაც არაერთი მიზეზი აქვს. სპალეტი იტალიური ფეხბურთის ნამდვილი ექსპერტია, თქვენ მისი კარიერა კარგად იცით, მას არაერთ გამორჩეულ გუნდში უმუშავია და მისი შედეგები ყველა სიტყვაზე ხმამაღლა საუბრობს.
„სპალეტიმ გუნდთან კონტრაქტი გააფორმა სეზონის ბოლომდე, მისი შემდგომში გახანგრძლივების პერსპექტივით. ჩვენ სპალეტის პოტენციურად ხანგრძლივი პროექტის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად ვხედავთ, მიმდინარე სეზონის ბოლომდე ჩვენ ორივე მხარე სიტუაციას კარგად შეაფასებს და შემდეგ გადაწყვეტილებას მივიღებთ.
„მწვრთნელის ცვლილება ? ჩვენ ყველა კარგად ვხედავდით, თუ როგორ თამაშობდა გუნდი სეზონის სტარტიდან მოყოლებული, ამიტომ ამ გადაწყვეტილების საჭიროება დადგა. გუნდს ახალი მწვრთნელი სჭირდებოდა და ჩვენ არჩევანი სპალეტიზე შევაჩერეთ, ლუჩიანო თითოეული ჩვენგანის უპირველესი არჩევანი იყო, რაც აჩვენებს, რომ იუვენტუსს მისი დიდი იმედი აქვს.“

 
                 
                 
                