ბონეტი:“ როგორც იქნა, იუვე ნამდვილ ფეხბურთს აჩვენებს“
იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა ივანო ბონეტიმ საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„პროგრესი იუვენტუსიდან მოტას წასვლის შემდეგ ? დიახ, როგორც იქნა, გუნდი ნამდვილ ფეხბურთს თამაშობს. ისინი მოტას სტილს თანამედროვე ფეხბურთს ეძახიან, როდესაც აქცენტი გუნდურ თამაშზე კეთდება და ინდივიდუალური მახასიათებლები მეორე პლანზე გადადის, მაგრამ შენ ბალანსი გჭირდება.
„ინდივიდუალური ოსტატობა ხშირ შემთხვევაში მატჩის ბედს წყვეტს, გეგმა ყოველთვის არ ამართლებს და ჩვენ ამაში მიმდინარე სეზონში არაერთხელ დავრწმუნდით.
„ტუდორმა იუვენტუსის შიდა სამზარეულო კარგად იცის, მას გასახდელში იერარქიის მნიშვნელობა კარგად ესმის, ეს კი მწვრთნელისთვის უმნიშვნელოვანესია.
„მოტას გაუთავებელი ექსპერიმენტები მოედანზე გუნდს ძალიან ძვირი დაუჯდა, განსხვავებული სასტარტო შემადგენლობები, ფორმაცია და ფეხბურთელები უჩვეულო პოზიციებზე, ეს ყველაფერი ფეხბურთელებზე ნეგატიურად მოქმედებს.
„მაგალითისთვის, კოპმეინერსი იგორ ტუდორის გუნდში მისვლის შემდეგ სულ სხვა ფეხბურთელი გახდა, მას ერთი კონკრეტული მოვალეობა არ აქვს, ტუდორმა ტეუნს მეტი თავისუფლება მისცა, რაც მის თამაშზეც აისახება.
„ვლაჰოვიჩი ? ტუდორს სწამს, რომ დუშანი არის ხარისხიანი ფეხბურთელი, რომელსაც მოედანზე სხვაობის შექმნა შეუძლია.
„ტუდორის დარჩენის შემთხვევაში, გაახანგრძლივებს თუ არა კონტრაქტს დუშანი ? ვფიქრობ, ვლაჰოვიჩზე მოტას მხრიდან ნდობის ნაკლებობამ ცუდად იმოქმედა, ტუდორის ფაქტორმა კი შესაძლოა სიტუაცია შეცვალოს. ის არა რომელიმე მეორეხარისხოვან გუნდში, არამედ იუვენტუსში თამაშობს, რაც ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ოცნება და დიდი პატივია.
„კონსეისაუ ? შიკო არის ფეხბურთელი, რომელიც ყოველთვის თავისი კაცის მოტყუებას ცდილობს, თუმცა 10 მცდელობიდან 8-ჯერ ის წარუმატებელია და ბურთს კარგავს, ის ილდისი არ არის, ვისაც დრიბლინგი შესანიშნავად შეუძლია. პორტუგალიელი ცუდი ფეხბურთელი არ არის, თუმცა მას თავისი ძლიერი მხარეების წარმოსაჩენად სივრცეები სჭირდება, რაც სერია ა-ში პრობლემაა.
„ტუდორის მომავალი ? პირველ რიგში, მჯერა, რომ ტუდორი გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანს. თუ გუნდის ხელმძღვანელობას ტუდორის იდეები მოსწონს, მაშინ მისი შეცვლა არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. თუ გუნდი ტუდორს გაუშვებს, მაშინ მათ გამარჯვებული მწვრთნელი უნდა მიიყვანონ, მანჩინის ან კონტეს სახით.“